ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ინიცირებულ იქნა 2004 წელს, ევროკავშირის გაფართოების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის გარე საზღვრები რადიკალურად შეიცვალა. შესაბამისად, ევროკავშირმა გადაწყვიტა მჭიდრო კავშირები დაემყარებინა ახალ მეზობლებთან სამხრეთით და აღმოსავლეთით. ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში გაერთიანებულია ევროკავშირის 16 მეზობელი და პარტნიორი ქვეყანა:
სამხრეთით: ალჟირი, მოროკო, ეგვიპტე, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, პალესტინა, სირია და ტუნისი;
აღმოსავლეთით : სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა.
2004 წლის 14 ივნისს, ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო ჩაერთო ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში. ხოლო 2006 წლის 14 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველო-ევროკავშირის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდებოდა.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ქვეყნებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით (რევოლუციები და დესტაბილიზაცია სამხრეთ მეზობლებში, კონფლიქტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში), 2015 წელს მოხდა სამეზობლო პოლიტიკის გადახედვა, რაც მიზნად ისახავდა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის „გლობალური სტრატეგიის“ (Global Strategy) შესაბამისად პარტნიორ ქვეყნებში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობას.
განახლებული ევროპული სამეზობლო პოლიტიკა ძირითადად მოიცავს 4 პოლიტიკურ მიმართულებას:
- კარგი მმართველობა, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები;
- ეკონომიკური განვითარება სტაბილურობისთვის;
- უსაფრთხოება;
- მიგრაცია და მობილურობა.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი საკითხებია:
- ტრანსსასაზღვრო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
- კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა;
- უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა;
- საზღვრის მართვა;
- საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობა.