ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) განიხილება, როგორც მონობის თანამედროვე, სახეშეცვლილი ფორმა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431 მუხლის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული მოიცავს პირის ძალისმიერი, მოტყუებითი ან იძულების სხვა საშუალებებით გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას ექსპლუატაციის მიზნით, რომელშიც მოიაზრება როგორც კომერციულ-სექსუალური, ასევე შრომითი ექსპლუატაცია.
ყოველ წელიწადს მსოფლიოში საშუალოდ ორიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი, მათგან 70% ქალები და ბავშვები არიან. ხშირ შემთხვევაში, ისინი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ფენას წარმოადგენენ.
საკითხის სიმწვავიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა ,,საქართველოს კანონი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინაღმდეგ ბრძოლის შესახებ“, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის თავიდან აცილებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ საფუძველს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ რატიფიცირებულია ,,ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის ოქმი“ და ,,ევროპის საბჭოს კონვენცია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
საქართველოს ოც ქვეყანასთან აქვს გაფორმებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პოლიციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მოიცავს თანამშრომლობას ადამიანით ვაჭრობასთან ბრძოლის სფეროშიც. ტრეფიკინგის წინააღმდეგ აღმკვეთი ღონისძიებების გატარების მიზნით, შესაბამისი ოქმი ხელმოწერილია თურქეთის რესპუბლიკასთან.
სახელმწიფო უწყებების მიერ განხორციელებული საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, შექმნილია ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო. საბჭო, მანდატის ფარგლებში ორ წელიწადში ერთხელ იმუშავებს ეროვნულ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო გეგმის შესრულების ფარგლებში და ეროვნული რეფერალური მექანიზმის დახვეწის მიზნით, საბჭომ დაამტკიცა „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის სტრატეგია“.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილია ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი, რომელიც ემსახურება ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა დახმარებასა და დაცვას. ფონდის ფუნქციებში, ასევე შედის მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით უზრუნველყოფა.
დანაშაულის სიმძიმის და პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში შექმნილია ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ფარგლებში მოქმედებს ერთიანი საინფორმაციო ბანკი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებით მოვაჭრეთა იდენტიფიკაციის დადგენასა და მათ შესახებ სხვადასხვა უწყებაში არსებული ინფორმაციის სისტემატიზაციას. შსს-ს სისტემის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა სახელდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად, სადაც ცალკე თავად არის გაწერილი ამ კუთხით არსებული გამოწვევები და მომავალში განსახორციელებელი ღონისძიებები.
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს კვალიფიციური კადრების არსებობა. სწორედ ამ მიზნით, შსს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა სათანადო მომზადებასა და გადამზადებას.
შსს-ს აკადემია უზრუნველყოფს სამართალდამცავთა საბაზისო მომზადებას. აღნიშნული საბაზისო მომზადების კურიკულუმები სხვა თემებთან ერთად მოიცავს ტრეფიკინგის საკითხებს.
ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და ერთობლივი პროექტების განხორციელებით, უზრუნველყოფილია თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება და თანამედროვე ტენდენციების შესახებ სიახლეების გაცნობა.
საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში ფუნქციონირებს ორმხრივი თანამშრომლობის განყოფილება და სუამის განყოფილება, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხო ქსელებით უზრუნველყოფენ ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას შესაბამის ქვეყნებთან.
თუ თქვენ გახდით ტრეფიკინგის მსხვერპლი ან ფლობთ ინფორმაციას ტრეფიკინგის დანაშაულის თაობაზე, გთხოვთ, დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:
112 - უფასო ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში
2 411 714 - ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ცხელი ხაზი
116 006 - ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ცხელი ხაზი