დეპარტამენტი ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის განვითარებას ახდენს შს სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებით, შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში/სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობა;
- უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობა;
- საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში თანამშრომლობა;
- საზღვრის მართვის სფეროში თანამშრომლობა;
- ევროპული მისწრაფებების სფეროში თანამშრომლობა;
- მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების სფეროში თანამშრომლობა.
2017 წელს ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტოსთან (ევროპოლი) გაფორმებულ იქნა ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმება, რის შედეგადაც საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა. ჩარჩო შეთანხმების საფუძველზე 2018 წელს გაფორმებული მემორანდუმების თანახმად, შს სამინისტრომ 2018 წლის სექტემბრიდან ევროპოლში მიავლინა თავისი მეკავშირე ოფიცერი, ხოლო 2019 წლის აპრილიდან შს სამინისტროსა და ევროპოლს შორის ამოქმედდა ინფორმაციის მიმოცვლის უსაფრთხო კომუნიკაციის არხი.