112გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი

126გენერალური ინსპექცია

2 41 42 42საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრი

12 72
2 41 91 91მომსახურების სააგენტო

ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაცია

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. 2002 წლის 21-22 ნოემბერს, ქ. პრაღაში, გამართულ ნატოს სამიტზე საქართველომ ოფიციალურად გააკეთა განცხადება ნატოში გაწევრიანების სწრაფვის შესახებ და სურვილი გამოთქვა ახალ პროგრამაში „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა“ (IPAP) მონაწილეობის თაობაზე. 2004 წლის 29 ოქტომბერს საქართველო პირველი ქვეყანა გახდა, რომელთანაც ნატომ IPAP-ის ფორმატში დაიწყო თანამშრომლობა.

2016 წლიდან IPAP-ის პარალელურად საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროგრესის გაძლიერების მიზნით, ალიანსმა საქართველოსთან თანამშრომლობა ახალი ფორმატის „ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე“ (Intensified Dialogue on Membership Issues ID) ფარგლებში დაიწყო.

2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა, რაც ნიშნავს მეკავშირეების მიერ აღებულ ღია ვალდებულებას.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ალიანსის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს კომისიის (NATO-Georgia Commission) შექმნისა და საქართველოსთან აღნიშნულ ფორმატში თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ. კომისია ოფიციალურად 2008 წლის 15 სექტემბერს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) საქართველოში ვიზიტისას დაარსდა. კომისიის მიზანია საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებებისა და საქართველოსთვის მოკავშირეთა მხარდაჭერის კოორდინაცია.