საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლებმა და შსს-ს აკადემიის პატრულ-ინსპექტორთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებმა საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო საქმიანობის თემაზე ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ სემინარში მონაწილეობა მიიღეს.
სამდღიან სემინარზე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეულმა ექსპერტებმა ღონისძიების მონაწილეებს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის თეორიული საფუძვლები გააცნეს.
საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის მოდელს, რომელიც გავრცელებულია დასავლეთის წამყვან ქვეყნებში და მიზნად ისახავს პრევენციული ღონისძიებების საშუალებით საზოგადოებასა და პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, დანაშაულის შემცირებას და მოსახლეობაში უსაფრთხოების შეგრძნების გაზრდას.