საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, ახორციელებს საერთაშორისო თანამშრომლობას საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. სამინისტროს კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელია საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, რომლის საქმიანობაც ხორციელდება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებისა და ინტერესების შესაბამისად. დეპარტამენტის ამოცანაა სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გაღრმავება, ასევე, შს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის ხელშეწყობა.
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი უზრუნველყოფს პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებთან, როგორც ორმხრივი, ისე, მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებასა და გამყარებას, ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის სრულყოფას, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კოორდინაციას, დონორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, პროექტების მართვას და საერთაშორისო ანგარიშგებას. ინსტიტუციური განვითარების მიზნით დეპარტამენტი ორიენტირებულია სამინისტროში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკის დანერგვაზე.