საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ლიტვას ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა საერთაშორისო არაოპერატიული და ოპერატიული თანამშრომლობის ფორმები, მეკავშირე ოფიცრების ინსტიტუტის ფუნქცია-მოვალეობები და საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.
დელეგაციის წევრები ლიტვის პოლიციის დანაყოფებს და სასწავლო ცენტრს ეწვივნენ.
აღნიშნული პროგრამა 2014 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.