ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ხელი შეუწყო 2009 წლის გაზაფხულზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ (EaP) ინიციატივის წამოწყებამ. „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის აღმოსავლეთის განზომილება. აღნიშნული ინიციატივა მოიცავს ევროკავშირის აღმოსავლეთ მეზობელ ქვეყნებთან – სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა – სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებას. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივა არის ევროკავშირის პასუხი აღმოსავლეთ სამეზობლო ქვეყნებში არსებულ გამოწვევებზე და მისი წამოწყებით ევროკავშირი ხაზს უსვამს ამ რეგიონის მნიშვნელობას. EaP-ის ფარგლებში თანამშრომლობა დაყოფილია ოთხ პლატფორმად, რომელიც ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის 4 თემატურ სფეროს განსაზღვრავს. შსს–ს კომპეტენციაში შემავალი საკითხები განსაზღვრულია I პლატფორმის – დემოკრატია, ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა – ფარგლებში. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებს შორის შეთანხმების საფუძველზე, პერიოდულად მუშავდება თითოეული პლატფორმის სამუშაო პროგრამა.
I პლატფორმის თანახმად, შსს–ს კომპეტენციაში შემავალი საკითხებია:
- საზღვრის ინტეგრირებული მართვა;
- სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა;
- კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა;
- ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა;
- სამოქალაქო დაცვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თემატურ/პანელურ შეხვედრებში:
- მმართველობა და საჯარო ადმინისტრირების რეფორმა;
- მიგრაცია, მობილობა და საზღვრის ინტეგრირებული მართვა;
- ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა და სამოქალაქო უსაფრთხოება.