შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 312 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ცერემონიაზე საგანგებოდ იყვნენ მიწვეული თბილისის N203 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა საჯარო სკოლის აღსაზრდელები და პედაგოგები.
სტუმრებისთვის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ტერიტორიაზე აღჭურვილობისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო, სადაც ბავშვებს ჟესტების ენაზე უხსნიდნენ მათ დანიშნულებას. მოზარდების მიერ დასმულ კითხვებს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან; შესაბამისი წვრთნების შედეგად, სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ; ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით, ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით.
ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ღონისძიებას სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის პოლკოვნიკი ნუკრი ლოლაძე, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ წვევამდელთა ოჯახის წევრები. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ის გარემო, სადაც მათი შვილები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.