შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა დაიწყო. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, მან უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები.
პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა.
წარმოდგენილი კანონპროექტი გათვლილია მოკლე ვადაში შედეგების მიღებაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში კი იგი მიზნად ისახავს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სტანდარტების ამაღლებას და ამ სფეროს შემდგომი განვითარების ხელშეწყობას.
პროგრამის შემუშავების პროცესში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან არაერთი განხილვა გაიმართა.
ახალი პროგრამა, საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ფართომასშტაბიან კამპანიასაც მოიცავს, რომლის მიზანია საგზაო უსაფრთხოების საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებაზე ასევე მოხდა კამპანიის კლიპის, სლოგანის და ლოგოს პრეზენტაციაც. პროგრამის ლოგო არის საგზაო ნიშნებით დაფარული გული - სიცოცხლე, რომელსაც იცავს საგზაო ნიშნები, წესები, კანონი. „მე ამ პროგრამას, პირველ რიგში, მომავალი თაობის უსაფრთხოებისთვის ვიწყებ. მინდა, ისინი პატარობიდანვე ეზიარონ იმ ჭეშმარიტებას, რომ კანონმორჩილი მოქალაქე, ცივილური, განვითარებული სახელმწიფოს ფუნდამენტია,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
პრეზენტაციას მთავრობისა და ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.