შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტს – „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“.
პროექტის ფარგლებში, ფოთის N11 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ფოთის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს და საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ორგანიზაციული და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს ეწვივნენ.
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა სტუმრებს თავიანთი საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და ცენტრის დანიშნულება და ფუნქციები დეტალურად გააცნეს. მოზარდებმა სანაპირო დაცვის თანამშრომლების აღჭურვილობა, მცურავი, სამაშველო და სააბორდაჟო საშუალებები, ასევე, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრის ზღვაზე დაკვირვების სენსორული ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შს სამინისტრო პროექტს - „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე 3 წელია ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.