შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში საქართველოს პარლამენტის წევრებს უმასპინძლა. გიორგი მღებრიშვილმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს მაღალტექნოლოგიური, მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი დაათვალიერებინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელები დეპუტატებს ცენტრის შექმნის მიზანზე, დანიშნულებაზე, ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ესაუბრნენ. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინე, მათ შორის გაეცნენ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - „უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.
პარლამენტარები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილ ინოვაციურ, ტექნოლოგიურ სიახლეებსაც გაეცნენ, რომლებიც გზებზე სატრანსპორტო მოძრაობის რეგულაციის, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ოპერატიული რეაგირების საშუალებას იძლევა.