შს მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ დედის დღე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამინისტროს თანამშრომლების დედებს მიულოცა. მინისტრი გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, აგვისტოს ომში დაღუპული ზურაბ ტატულაშვილის დედას – მარინე ტატულაშვილს ეწვია და დედის დღე პირადად მიულოცა. მინისტრმა ქალბატონ მარინეს ყვავილების თაიგული და ტექნიკის 1000-ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
ზურაბ ტატულაშვილი ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანია. ის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარ სამმართველოში მსახურობდა. აგვისტოს ომის დროს ზურაბი წინა ხაზზე, ყუმბარმტყორცნით იბრძოდა. ის 8 აგვისტოს ცხინვალში, სკოლასთან, სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. ზურაბს ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანის დროს სნაიპერმა ზურგიდან ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა, დაჭრილი თანამებრძოლი კი გადაარჩინა.