სისხლის დონორთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიაზე ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ შს სამინისტროს სისხლის უსაფრთხოებისა და უანგარო დონორობის რეგულარული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მიხეილ ბუზალაძეს მადლობის სიგელები გადასცა.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, სამინისტროს თანამშრომლები უკვე მესამე წელია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ. შსს-ს მ. იაშვილის კლინიკასთან მემორანდუმი აქვს გაფორმებული, რომლის ფარგლებში, „სისხლის ბანკის“ აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ სამინისტროს ქვედანაყოფები როგორც თბილისის, ასევე საქართველოს ყველა რეგიონის მასშტაბით მონაწილეობენ. სამი წლის განმავლობაში აქციაში ასეულობით პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა. შსს სისხლის უანგაროდ გაცემის აქციას მთელი ქვეყნის მასშტაბით მომავალშიც გააგრძელებს.
14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე, რომლის მიზანია უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ უანგარო დონორის მიმართ, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემენ სისხლს. სახელმწიფო პროგრამა „უსაფრთხო სისხლი“ სლოგანით „გმადლობთ, რომ სიცოცხლე გადამირჩინე“ მიმდინარეობს.