შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას სტუმრად ილიას სახელობის უნივერსიტეტის და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნებით ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი 30-მდე სტუდენტი ეწვია. ყველა მათგანი პროექტ „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბში“ არიან გაერთიანებული. ვიზიტის ორგანიზატორია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
შსს-ს აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს უბნის ინსპექტორთა ფაკულტეტის უფროსმა მამუკა ქოიავამ სტუმრებს აკადემიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა, რის შემდეგაც სტუდენტებმა სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და დაესწრნენ მაგისტრანტების საგამოცდო ტესტირებებს. სტუმრობის მიზანი იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დაინტერესება შსს-ს აკადემიის საგანმანათლებლო პროცესებით, რომელთა შორისაც როგორც სპეციალური საგანმანათლებლო, ისევე სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებია.
პროექტი „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით ხორციელდება. პროექტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მიმართულების - „საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდების განვითარების აკადემია“ ახორციელებს.