შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლეს კომისართან - კაირატ აბდრახმანოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში - ქეთევან ციხელაშვილი.
ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა სათანადო და ეფექტიანი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად სამინისტროში განხორციელებულ ღონისძიებებს.
ეუთოს უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა სამინისტროში გატარებული რეფორმები და იმედი გამოთქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულ სახელმწიფოებს საუკეთესო პრაქტიკასა და გამოცდილებას გაუზიარებს.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ კაირატ აბდრახმანოვს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობა.