საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით ქმედითი მექანიზმების დანერგვის ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წელს რატიფიცირებული „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენცია. ამასთან, 2020 წლის 14 ივნისს, მიღებულ იქნა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად სახელმწიფო ორგანოებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულ ვალდებულებებს აკისრებს. აღნიშნული სამოქმედო გეგმა, სწორედ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს 2021 წლის მანძილზე.
სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს 2021 წლის პრიორიტეტულ მიმართულებებს. მინისტრის მიერ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის თანახმად, 2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზნებს წარმოადგენს: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამართალწარმოებასა და სამინისტროს სერვისებზე მისაწვდომობის გაუმჯობესება; მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება; სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა საჭირო უნარების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობისათვის; არსებული შენობა-ნაგებობებისა და სხვა სახის ინფრასტრუქტურის ადაპტირება.
დასახული მიზნების მისაღწევად სამინისტრო გეგმავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2021 წლის სამოქმედო გეგმის“ იმპლემენტაციის პროცესში, ასევე მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შედგენისას ითანამშრომლოს შშმ პირებთან, მათ წარმომადგენლობით ორგანიზაციებთან და ამ სფეროში მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
სამინისტრო იაზრებს შშმ პირთათვის მათი უფლებების დისკრიმინაციის გარეშე სარგებლობის უზრუნველყოფის საჭიროებას და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს სამინისტროს საქმიანობის სფეროში აღნიშნულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.