შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 217-მა ახალწვეულმა სამხედრო ფიცი საზეიმო ვითარებაში დადო. ფიცის დადების შემდეგ ჯარისკაცებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს და საკუთარი საბრძოლო უნარების დემონსტრირება მოახდინეს. ღონისძიებას სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ბონდო ოჩიგავა, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპეციალური და საგანგებო ღნისძიებების ცენტრის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახალწვეულთა ოჯახის წევრები. ცერემონიალის დასრულებისას წვევამდელები მამა დავითმა დალოცა.
სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში წვევამდელები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ასევე მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. სავალდებულო სამსახურის გავლის პერიოდი გულისხმობს ყოველ მესამე დღეს 24 საათიან მორიგეობას. წვევამდელები ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით. სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.
საზეიმო ღონისძიებაზე საგანგებოდ მიწვეული სტუმრები იყვნენ თბილისის N202 უსინათლო და მცირედმხედველ ბავშვთა საჯარო სკოლის აღსაზრდელები და პედაგოგები. მათთვის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის ტერიტორიაზე აღჭურვილობისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, უსინათლო და მცირედმხედველ მოსწავლეებს, რომელთათვისაც მნიშვნელოვანია სამყაროს შეხებითი აღქმა, საშუალება მიეცათ ხელით შეხებოდნენ იარაღს. ბავშვების მხრიდან დასმულ კითხვებს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის წარმომადგენლება ამომწურავი პასუხები გასცეს.