შსს-ს აკადემიაში ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ მმართველი საბჭოს მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი პროგრამის მიღწევების განხილვა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
მმართველი საბჭო გადაწყვეტილებების მიმღები სტრუქტურაა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, სახალხო დამცველის ოფისი და მთავარი პროკურატურა. საბჭოს ფუნქციაა პროექტის მიერ მიღწეული პროგრესის მონიტორინგი, სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნაბიჯების განხილვა და სამუშაო გეგმის დამტკიცება.
პროექტის ფარგლებში, შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს 230 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი დახურული ტიპის დაწესებულებებში ჯანსაღი გარემოს შექმნისა და დაავადებათა პრევენციის შესახებ.
პროგრამის განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო და მიზნად ისახავს თავისუფლებაღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.