შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, საკუთარი ინიციატივითა და სახსრებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტ გაჭირვებულ და მრავალშვილიან ოჯახს სურსათი, საყოფაცხოვრებო ნივთები, სათამაშოები, წიგნები, ტკბილეული, საახალწლო საჩუქრები გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს.
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გურჯაანის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღის ცენტრ „Life Line“-საც ეწვივნენ და ცენტრის ბენეფიციარებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პროდუქტები და საახალწლო საჩუქრები მიუტანეს.
შსს-ს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი დაღუპული პოლიციელების ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.
შს სამინისტრო სოციალურად შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ტრადიციულად, ყოველ წელს ახორციელებს. აღნიშნული აქცია მომავალშიც გააგრძელდება.