შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს მაშველებმა ხინოს მონასტერში მცხოვრებ სნეულ მოქალაქეებს დახმარება დროულად აღმოუჩინეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, ქობულეთი-კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 1800 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მონასტერში, მძიმე სნეულებით დაავადებული მოქალაქეებისთვის აუცილებელი მედიკამენტების მიწოდება ვერ ხერხდებოდა. მონასტრის მოძღვარმა დახმარება მაშველებს სთხოვა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ქობულეთის სამთო-სამაშველო ჯგუფი, შეტყობინების მიღებისთანავე, მოძღვართან ერთად, ხინოს მონასტრისკენ გაემართა.
უამინდობის, გაუკვალავი თოვლის, ქარისა და რთული რელიეფური პირობების მიუხედავად, მაშველებმა შეძლეს 20 კილომეტრიანი გზის გავლა და გამოძახების ადგილზე მისვლა. სააგენტოს თანამშრომლებმა დაავადებულ მოქალაქეებს მათთვის საჭირო ყველა წამალი დროულად მიუტანეს.