შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის და ბათუმის ბაზებზე თბილისის 43-ე საჯარო სკოლის, ჩოხატაურის 1-ლი საჯარო სკოლის მოსწავლეები და ქობულეთის, გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელები ეწვივნენ.
თბილისში, განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს და ბათუმში, აჭარის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდები წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკულ წვრთნების პროცესს გაეცნენ.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.