შსს-ს სპორტული კლუბი „MIA FORCE“-ის წევრი , ევროპის ჩემპიონი დავით ქაჯაია საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნდა. გამარჯვებულ ავტომრბოლელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი დათო ნიკოლეიშვილი, შსს-ს წარმომადგენლები, სპორტსმენები და გულშემატკივრები დახვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე და სპორტული კლუბი „MIA FORCE“-ის წევრი დავით ქაჯაია FIA-მ (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვებისთვის სპეციალური თასით დააჯილდოვა. „MIA FORCE“-ის წევრმა პროფესიულ TC2T კლასში, ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართული ავტოსპორტის ისტორიაში ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ძარიან ავტომობილებში ევროპის ჩემპიონატში (ETCC) ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა.
ევროპის ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ და სააგენტოს დირექტორმა დათო ნიკოლეიშვილმა შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და საზოგადოებას კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდეს.