შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა სტიქიის ღამეს მომხდარი მოვლენებისა და მაშველების მყისიერი რეაგირების შესახებ განცხადება გააკეთა: „რაც შეეხება სტიქიას, რომელიც 13 ივნისს მოხდა, პირველი ზარი "112"-ში შემოვიდა, ვაკონკრეტებ - 22 საათზე და 11 წუთზე. სამ წუთში იყო გასული მთელი თბილისის მთავარი სამმართველო გამოძახებებზე. დავაკონკრეტებ იმასაც, რომ გამოძახებები იყო თბილისის მასშტაბით, სადაც წყალდიდობები დაიწყო. თავიდან დაიწყო ჩუღურეთის რაიონში, ხოლო შემდეგ, როცა უკვე აქ მოხდა ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა, აქ ისე სწრაფად განვითარდა, 3-4 წუთის განმავლობაში მოხდა ამ მთელი ტერიტორიის წყლით დაფარვა. აქ უკვე ადგილზე იმყოფებოდნენ იმ წუთისთვის მეხანძრე-მაშველები, რეაგირება იყო მყისიერი. ჩვენ გვაქვს ქრონომეტრაჟი, როგორ მოხდა გამოსვლები, სამ წუთში იყო ყველა დანაყოფი გამოსული თბილისის მთელი მასშტაბით გაშლილი და ის ფაქტიც, რომ მეხანძრე-მაშველი, რომელიც ვერეს ხეობაში გარდაიცვალა, ის იყო ერთ-ერთი მათთაგანი, ვინც უკვე აქ შრომობდნენ და გამოძახების შემდეგ მას უკვე მოსწრებული ჰქონდა 7-8 ადამიანის სახიფათო ზონიდან გაყვანა. ის და თავისი მეწყვილე იმ მომენტში შრომობდნენ, რომ კიდევ 4 ადამიანი უნდა გაეყვანათ უსაფრთხო ადგილას, როცა წყალი ძალიან ადიდდა და მას მორი დაეჯახა, თავი ვეღარ შეიკავა და ჩვენ დავკარგეთ თანამშრომელი.“
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ასევე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, გაწმენდითი და სამძებრო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა. ზვიად ქაწაშვილის განცხადებით: „ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ბევრი დანაყოფი არის გამოყოფილი, კერძოდ, "მზიურის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ნანახი იქნენ მიცვალებულები. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ამ ტერიტორიაზე, რადგანაც ვფიქრობთ, რომ სავარაუდოდ, კიდევ შეიძლება ჩვენ დაკარგულ პიროვნებას აქ მივაკვლიოთ“.