შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 10-19 მარტს მიმდინარე სამთო-სამაშველო ტრენინგი და გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზე ჩატარებული საველე წვრთნები წარმატებით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს წარმომადგენლებმა და ასევე ტრენინგის მონაწილეებმა – ბელარუსის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროებიდან – გუდაურში სიმულაციური სამაშველო ღონისძიება ერთობლივად ჩაატარეს.
ტრენინგი წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით, განსაკუთრებულად რთული რელიეფის ხევში ჩატარდა. სცენარი უბედური შემთხვევის სიმულაციას წარმოადგენდა – თოვლიან ხეობაში ჩავარდნილი ადამიანი სასწრაფო და სამაშველო ბრიგადებმა სამთო-სამაშველო ღონისძიების შედეგად ამოყვანეს. აღნიშნული ტრენინგის მიზანს კრიზისულ სიტუაციებში სასწრაფო და სამაშველო სამსახურებს შორის კოორდინირებული რეაგირების მექანიზმების გამოცდა და დემონსტრირება წარმოადგენდა.