შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტისა და სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში 10-19 მარტს მიმდინარე სამთო-სამაშველო ტრენინგი და გუდაური-ყაზბეგის მონაკვეთზე ჩატარებული საველე წვრთნები წარმატებით დასრულდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს წარმომადგენლებმა და ასევე ტრენინგის მონაწილეებმა – ბელარუსის, ბოსნია-ჰერცოგოვინას, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროებიდან – გუდაურში სიმულაციური სამაშველო ღონისძიება ერთობლივად ჩაატარეს.
ტრენინგი წინასწარ მომზადებული სცენარის მიხედვით, განსაკუთრებულად რთული რელიეფის ხევში ჩატარდა. იგი უბედური შემთხვევის სიმულაციას წარმოადგენდა, სადაც თოვლიან ხეობაში ჩავარდნილი ადამიანი სასწრაფო და სამაშველო ბრიგადებმა სამთო-სამაშველო ღონისძიების შედეგად ამოყვანეს. აღნიშნული ტრენინგის მიზანს კრიზისულ სიტუაციებში სასწრაფო და სამაშველო სამსახურებს შორის კოორდინირებული რეაგირების მექანიზმების გამოცდა და დემონსტრირება წარმოადგენს.