შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 14 თებერვალს „ევროპის სახლი“-ს საკონფერენციო დარბაზში, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (PPRD East) პროგრამის ფარგლებში, საინფორმაციო კამპანიის – „ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული PPRD East-ის პროგრამაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროგრამის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კატასტროფების რისკების შემცირების სფეროში და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება.
შეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელმა „ევროპის სახლში“ შეკრებილ სტუმრებს ბოლო წლების განმავლობაში მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული ღონისძიებების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. ასევე გაიმართა კატასტროფების რისკების შემცირების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია. სტუმრებს ამავე საკითხებზე მომზადებული ბროშურები და საგანგებო სიტუაციებში მზადყოფნის საოჯახო გზამკვლევები დაურიგდათ.
შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა მედია საშუალების, განათლების სამინისტროს, „წითელი ჯვრის“, ასევე, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების: "Save the Children", "UNICEF"-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.