საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი შსს-ს აკადემიაში გაფორმდა. დოკუმენტს აკადემიის რექტორმა ნუკრი გელაშვილმა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა მოაწერეს ხელი. მემორანდუმი მიზნად ისახავს სამინისტროს მოსამსახურეთათვის პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამებისა და ტრენინგების დაგეგმვასა და განხორციელებას.
მემორანდუმის მხარეები მზადყოფნას გამოთქვამენ, საჭიროების შემთხვევაში, საგანმანათლებლო და ორგანიზაციულ-ტექნიკური რესურსებით სარგებლობაში ერთმანეთს დახმარება აღმოუჩინონ. ასევე, უზრუნველყონ ტრენინგების, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ერთობლივი ორგანიზება და მათში აქტიური ჩართულობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მიერ 15 თებერვლიდან ერთობლივად დაიწყო ტრენინგების ჩატარება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე. ტრენინგების ფარგლებში, მონაწილეები „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და დაცვის შესახებ ინსტრუქციას გაეცნობიან.