შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 20 სექტემბერს შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ ინტენსიურმა წვიმამ ქალაქ ბათუმში ჭაობის და ბონი-გოროდოკის დასახლებაში, ასევე, მაიაკოვსკის, ლერმონტოვის, 26 მაისის ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულების დატბორვა გამოიწვია.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბათუმის სამაშველო განყოფილების მაშველები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილებზე სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. სამუშაოებში ასევე ჩაერთნენ აჭარის ა/რ საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს, ქალაქ ბათუმის მერიის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სხვა შესაბამისი სამსახურები. შექმნილი რთული ვითარების გამო, თბილისიდან დამატებით მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ოთხი სამაშველო ეკიპაჟი, ასევე ადგილზე იმყოფებიან ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტების სახანძრო-სამაშველო ჯგუფები სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით. ბათუმის მერიაში შექმნილია საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების საგანგებო შტაბი. ჩატარებული ერთობლივი, კოორდინირებული რეაგირების შედეგად, მაშველებმა წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები განახორციელეს. სამაშველო ჯგუფებმა ოპერატიულად მოახდინეს საცხოვრებელი სახლებიდან მოსახლეობის ევაკუირება, წყალში ჩარჩენილი ავტომანქანებიდან მოსახლეობის, მათ შორის, ბავშვების გადმოყვანა და მათი უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა.
21 სექტემბერს უწყვეტმა ინტენსიურმა წვიმამ სანიაღვრე არხების გამტარუნარიანობის შემცირება გამოიწვია, რის შედეგადაც ზემოაღნიშნულ ქუჩებზე წყლის დონემ მოიმატა და ბათუმის სხვა ქუჩებისა და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დაიტბორა. უხვმა ნალექმა ხელვაჩაურის რაიონის სოფლებში: ორთაბათუმში, კაპრეშუმსა და ახალშენში მეწყრული პროცესების განვითარება გამოიწვია. ბათუმში, ერთ-ერთი ავტოგასამართი სადგურის საწვავის შესანახი რეზერვუარებიდან არსებობდა საწვავის დაღვრის საშიშროება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო განყოფილების მაშველებმა, მყისიერი რეაგირების შედეგად, შესაძლო ინციდენტის თავიდან აცილება შეძლეს.