საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი შალვა კვინიხიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ივანე პაპიაშვილი ქალაქ ჰააგაში გამართულ, ევროპოლის წევრი ქვეყნების პოლიციის ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ. მხარეებმა განიხილეს ის საერთო გამოწვევები, რომლებიც ევროპის კავშირის და მისი პარტნიორი ქვეყნების წინაშე დგას. ქართული დელეგაცია მსგავსი ფორმატის შეხვედრაზე პირველად იყო მიწვეული.
აღსანიშნავია, რომ ევროპოლსა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი დაიწყო, რაც სამართალდაცვით სფეროში ევროპოლის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს.
ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა ევროპოლის მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ოლდრჟიხ მარტინუსთან. ასევე, ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ღონისძიებაში მონაწილე, წევრი და მოწვეული ქვეყნების - შვედეთის სამეფოს, იტალიის რესპუბლიკის, პორტუგალიის რესპუბლიკის, პოლონეთის რესპუბლიკის და აშშ-ს დელეგაციებთან.
მხარეებმა შეხვედრების მსვლელობისას აღნიშნეს ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებსა და საქარველოს შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის მკვეთრად მზარდი, პოზიტიური ტენდენცია. ასევე ისაუბრეს სამომავლო გამოწვევებზე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის კუთხით განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ აქამდე საქართველოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სფეროში გაფორმებული აქვს საერთაშორისო შეთანხმებები და ურთიერთგაგების მემორანდუმები ევროკავშირის 14 წევრ ქვეყანასთან. შეთანხმებების ხელმოწერა სხვა წევრ ქვეყნებთანაც არის დაგეგმილი.