შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ავღანეთში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის ცხედრის გადმოსვენების ცერემონიას დაესწრო და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ჩამოასვენეს.
სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, ნატო-ს სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერი, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეები და დაღუპულის ოჯახის წევრები დაესწრნენ.