შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ ახალი ნომრის, ასევე, საარქივო დოკუმენტების საფუძველზე მომზადებული მხატვრული ნაწარმოების - ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმების პრეზენტაცია ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა.
პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, სახელმწიფო უწყებებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჟურნალ „საარქივო მოამბის“ მე-16 ნომერი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში ე.წ. „დიდი ტერორის“ პერიოდში გამოვლინდა, როდესაც უდანაშაულო ადამიანების დახვრეტა, შორეულ ბანაკებში გადასახლება, უნდობლობა და შიში ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო.
ნაწარმოებში - „დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ ასახულია სტალინისა და ლავრენტი ბერიას ეპოქის შინსახკომის თანამშრომელთა ცხოვრება, მათი დაუნდობელი ქმედებები, სისხლის სამართლის საქმეთა გაყალბების ფაქტები, არაადამიანური მოპყრობის სცენები, წამების, მორალური ზეწოლის ისტორიები. წიგნი გაფორმებულია უნიკალური თემატური ილუსტრაციებით.