გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს აკადემიის „საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა საპოლიციო რეგულირების სფეროში“ პირველი გამოშვების კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა და სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა.
შსს-ს აკადემიაში 2014 წელს ახალ სამაგისტრო პროგრამაზე 39 სტუდენტი ჩაირიცხა. ყველა მაგისტრი მუშაობას შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დაიწყებს.
„ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, უმნიშვნელოვანესია უწყებაში კვალიფიციური, თანამედროვედ მოაზროვნე, განათლებული და მოტივირებული კადრების მოზიდვა, რადგან, კარგად მესმის, რომ შეუძლებელია სისტემის განვითარება ახალი იდეებისა და შესაძლებლობების გამოყენების გარეშე.
ჩვენი სამაგისტრო პროგრამის მიზანია, მოვამზადოთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, განათლებული თანამშრომლები.
დღეს მე ბედნიერი ვარ, შეგატყობინოთ, რომ 39-ვე მაგისტრი დასაქმდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, მათ შორის, ჩვენს უმნიშვნელოვანეს საპილოტე პროექტებში, როგორიცაა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობა და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამა ერთადერთი უფასო პროგრამაა ქვეყნის მასშტაბით. აკადემიაში სწავლის განმავლობაში სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან კვებითა და ფორმებით, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლითაც.
აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ ყველა კურსდამთავრებულს წარმატებები უსურვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.