შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს და ამავე სამმართველოს დუისის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შავლეგ ყ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ახმეტის რაიონის სოფელ საკობიანოში, ღამით, არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ, რამდენჯერმე გაისროლა. შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას შავლეგ ყ. არ დაემორჩილა და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რა დროსაც სამართალდამცველებმა ის განაიარაღეს. დაკავებისას შავლეგ ყ. თავს დაესხა პოლიციის სატრანსპორტო საშუალებას და უკანა საქარე მინა დააზიანა.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, „ა-კა-ეს 74“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 35 საბრძოლო ვაზნა, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 16 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ალკოტესტით შეამოწმების შედეგად, შავლეგ ყ-ს ალკოჰოლური თრობა, ხოლო ნარკოლოგიური შემოწმებით -მარიხუანის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).