შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული თენგიზ კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, გამთენიისას, თბილისში, კანდელაკის და ტაშკენტის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1995 წელს დაბადებულ თენგიზ ფ-ს ცივი იარაღით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).