13-14 ნოემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ლოპოტაზე ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეხუთე სხდომა გაიმართა. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა გახსნა. მან მოკლედ მიმოიხილა ის მოვლენები, რამაც ორგანიზებული დანაშაულის 2013-2014 და 2015-2018 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავება განაპირობა.
სხდომაზე ორგანიზებული დანაშაულის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ახალი პროექტები, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და პრობლემები განიხილეს. საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს სტრატეგიის პროექტში დამატებითი მიმართულებების ასახვის საჭიროებასა და „სამართალდამცავ სფეროში უწყებათშორისი თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლების შესახებ“ 2013 წელს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
სხდომას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები.