შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ემზარ ბ. დააკავეს, ხოლო ამავე დანაშაულში ამხილეს 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დავით შ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არჩილ ნ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული და მისი ორი თანამზრახველი 29 აპრილს ხობის რაიონის სოფელ ხამისკურის ახლოს, ხობი-ზუგდიდის საავტომობილო გზაზე, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კუთვნილ ავტომანქანას. ავტომანქანაში მყოფმა პირებმა ბოროტმოქმედებისგან თავის დაღწევა შეძლეს, ხოლო დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღის 2 მასრა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით).