შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ჯ.ს. და 1996 წელს დაბადებული ტ.ხ., ყაჩაღობის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 დეკემბერს ბრალდებულები გლდანში, მე-4 მ/რ-ში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრნენ, იარაღის მუქარით თანხა გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ჯ.ს. და ტ.ხ. მომხდარიდან მეორე დღეს, ბათუმში დააკავა. ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი - 1475 ევრო, 640 ლარი და 60 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად.
დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).