შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ჟერარ ფიშერთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართეს.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა გოჩა რატიანმა ჟერარ ფიშერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მედიაციისთვის, ობიექტურობისა და კარგი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე გოჩა რატიანმა ასევე აღნიშნა შვედი დიპლომატის დიდი წვლილი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ჩამოყალიბებაში.
ჟერარ ფიშერი 2008 წლიდან 2014 წლამდე საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებდა.