შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გოჩა რატიანი და შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი ზურაბ ზუბადალაშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სამხრეთ კავკასიის საკითხებში სპეციალურ წარმომადგენელსა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეს, ანჯელო გნედინგერს, აგრეთვე ამავე ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს - ტობიას პრივიტელისა და კორინ ლებელჰომს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა სტუმრებს საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება გააცნო და მათ 27 თებერვალს სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის (IPRM) მორიგ შეხვედრაზე განსახილველ საკითხებზე ესაუბრა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას უკავშირდება.
შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ეუთო-ს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა კონსტრუქციული მედიაციისთვის ისეთ მნიშვნელოვან ფორმატებში, როგორიცაა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის (IPRM) შეხვედრები.