შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ზვიად კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა ზვიად კ. იმ დროს დააკავეს, როცა ის ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე მანქანით გადაადგილდებოდა. დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას 46 აბი და 4 ნატეხი „სუბუტექსი“ ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული აბები 0,3988 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება ზვიად კ-მ თურქეთში უკანონოდ შეიძინა და 10 მარტს საქართველოში შემოიტანა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით).