შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტის -„სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (TOPCOP)“ - გახსნითი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, შსს-ს აკადემიისა და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, გენერალური პროკურატურის, ასევე, ევროკავშირის დელეგაციის წევრები, სამართალდამცველთა სწავლების ევროკავშირის სააგენტოსა (CEPOL) და ევროპის პოლიციის სამსახურის (EUROPOL) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ონლაინ შეხვედრის მონაწილეებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით არსებულ პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს და პროექტის სამომავლო აქტივობები განსაზღვრეს.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2020 წლიდან ხორციელდება და 2024 წლამდე გაგრძელდება. მისი მიზანია სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება სამართალდამცავ უწყებებს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა), ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებსა და ევროკავშირის შესაბამის სააგენტოებს შორის, ასევე, სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების და რეგიონული ქსელის გაძლიერება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად.