შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე - შ.ს. დააკავეს. მას ბრალად ედება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვება და უკანონოდ გამოყენება, ასევე, ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა ერთ-ერთი კომერციული ბანკის ინტერნეტბანკის ვებგვერდის მსგავსი, ყალბი - ე.წ. ფიშერული გვერდი შექმნა, რომლის ბმული ამავე ბანკის მომხმარებელს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა და აღნიშნული მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემებს მისი შეცდომაში შეყვანის გზით დაეუფლა. შ.ს.-მ უკანონოდ მოპოვებული პირადი მონაცემების გამოყენებით, უნებართვოდ შეაღწია ბანკის მომხმარებლის ინტერნეტბანკის პროფილში და მისი საბანკო ანგარიშიდან 9500 ლარი საკუთარ ანგარიშზე გადმოირიცხა. ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის ნაწილი - 6084 ლარი ბანკომატის მეშვეობით გაანაღდა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შ.ს. თბილისში დააკავეს.
პოლიციამ, დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მობილური ტელეფონები, პორტატიული კომპიუტერები და საბანკო პლასტიკური ბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 158-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემების უნებართვო მოპოვებასა და უკანონოდ გამოყენებას, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.