საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ალმათის აკადემიის ხელმძღვანელის - აიდარ საიტბეკოვის ხელმძღვანელობით ეწვია.
ვიზიტი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის ცენტრალური აზიის განყოფილების (UNODC ROCA) ორგანიზებით განხორციელდა და მის მიზანს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ყაზახეთის დელეგაციის წევრებს სამინიტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის ფარგლებში გაზიარებული ინფორმაცია და გამოცდილება სასარგებლო იქნება ყაზახეთის მხარისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმების დანერგვის მიმართულებით.
დელეგაციის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური ინსპექციისა და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებს. სტუმრები ასევე ეწვივნენ შსს-ს აკადემიას, საპატრულო პოლიციის დეპარტმენტს, მომსახურების სააგენტოს, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტს და ადგილზე გაეცნენ მათი მუშაობის სპეციფიკას.