შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიის - „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში გამართული საინფორმაციო-შემეცნებითი ორდღიანი ღონისძიება ზუგდიდში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დასრულდა. ღონისძიება ზუგდიდში გუშინ გაიხსნა. კამპანიის ფარგლებში მსგავსი ღონისძიება ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზეც გაიმართა, რის შემდეგაც სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კამპანიას - „ემეგობრე პოლიციას“ განგრძობითი ხასიათი ექნება. ზუგდიდის და ბათუმის გარდა, სახალხო ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, სხვა ქალაქებშიც ჩატარდება. მოზარდებსა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ექნებათ, გაეცნონ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობას, ასევე, შეეძლებათ, დაათვალიერონ საპატრულო პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცტექნიკა და აღჭურვილობა. ბავშვები, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში.