შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისის შემდეგ, ქვემო ქართლის რეგიონში, კერძოდ, რუსთავში ვაკანსიები გამოაცხადა.
კონკურსი გამოცხადდა მართლწესრიგის ოფიცრის 20 ვაკანტურ თანამდებობაზე.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული ინსტიტუტი მიზნად ისახავს პოლიციის პრევენციული საქმიანობის გაძლიერებას.
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენცია მოიცავს ისეთი მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
მართლწესრიგის ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები ასევე მოიცავს: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოებას; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირებას.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში დაინერგება.