საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა მომსახურების სააგენტოს თბილისის ფილიალი და ერთიანი მომსახურების ცენტრის - თბილისის და რუსთავის ფილიალები.
სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდება მოქალაქეთა მომსახურების სივრცეები მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალსა და საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ფილიალებში. გარდა ამისა, დღეში რამდენჯერმე იწმინდება მოქალაქეთა მისაღებში განთავსებული ინვენტარი.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარე კვირის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა სტრუქტურულ ერთეულში ჩატარდება. ასევე გაგრძელდება ყოველდღიური, შიდა სადეზინფექციო ღონისძიებები.