საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეცხრე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური, ოთხდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“.
კონფერენციის გახსნაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
„პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ქალბატონ ელჩს, ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს - INL-ის ხელმძღვანელებს, მათ წარმომადგენლებს. მათი ინიციატივითაც ტარდება დღეს საქართველოში ქალ პოლიციელთა საერთაშორისო კონფერენცია, სადაც 300-ზე მეტი სტუმარია ჩამოსული. ასევე, გავაცანით ჩვენი წარმომადგენლები, შსს-ს თანამშრომლები ქალი პოლიციელები. მინდა, მათ წარმატებები ვუსურვო. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ 2013 წლიდან დღემდე, ძალიან გაიზარდა ქალ პოლიციელთა რაოდენობა შსს-ში და ვიმედოვნებ ეს გაგრძელდება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
კონფერენციაზე, ასევე, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს აშშ-ის ელჩმა - კელი დეგნანმა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორმა საქართველოში - რებეკა ჰანტმა.
„მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ მეცხრე ყოველწლიური კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნის ღონისძიებაში, აქ, თბილისში. კონფერენცია ორგანიზებულია იმისათვის, რომ დაეხმაროს ქალ პოლიციელებს პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაში, მათი შთაგონებითა და განათლებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ ქალი პოლიციელების როლი უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში არის მნიშვნელოვანი და მიუხედავად იმისა, რომ იმედის მომცემია მათი მზარდი რიცხვი მთელ მსოფლიოში, ისინი მაინც ხვდებიან ბარიერებს ყოველდღიურ საქმიანობასა და კარიერულ წინსვლაში. ჩვენ იგივე პრობლემები გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ამიტომ მოვიწვიეთ საერთაშორისო ექსპერტები კანადიდან, ევროპიდან და ამერიკიდან, რომ გაუძღვნენ ვორქშოპებს ამ კვირის განმავლობაში. ჩვენ განსაკუთრებით მადლიერი ვართ ქართული მთავრობის, რადგან ისინი მასპინძლობენ ამ კონფერენციას. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს მთავრობა წინ მიიწევს ქალი პოლიციელების ხელშეწყობის საქმეში, რაც ემსახურება უსაფრთხოებისა და მშვიდობის გაუმჯობესებას“, - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.
ღონისძიებას ესწრებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ქალები და მათი კოლეგები მსოფლიოს 11 სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქალი პოლიციელების ხსოვნას.
საერთაშორისო კონფერენცია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. ღონისძიების ფარგლებში, პრაქტიკული სავარჯიშოების საშუალებით, პოლიციელი ქალები ეფექტიანი მუშაობისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაიუმჯობესებენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.