შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო პირველი თებერვლიდან, „COVID-19“-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს და მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.
პირველი თებერვლიდან ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები. ასევე, სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ პირთათვის, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.
პირველი თებერვლიდან, მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ ის პირები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს თეორიული გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ მართვის უფლების მიღების მსურველები B კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას ჩააბარებენ თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, „SKODA RAPID“-ის მოდელის სატრანსპორტო საშუალებებით, რუსთავისა და გორის საგამოცდო მოედნებზე, ხოლო დანარჩენ სტრუქტურულ ერთეულებში ეტაპობრივად ჩანაცვლდება ძველი საგამოცდო მანქანები ახალი მოდელებით.
პირველი თებერვლიდან, ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.
რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში ყოველდღე, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
პირველი თებერვლიდან მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა.
დროებით კვლავ შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება თბილისში, ჯ. ბალანჩინის ქუჩაზე მდებარე მომსახურების ცენტრში (გარდა სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების სერვისისა), ახალქალაქისა და ამბროლაურის სტრუქტურულ ერთეულებში.
მომსახურების სააგენტო, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.