შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლები ქალაქ ქუთაისში დევნას ახორციელებდნენ ქურდობის ფაქტზე მხილებული მირზა ბ-ს მიმართ. აღნიშნული პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას, მათ წინააღმდეგობა გაუწია და საკუთარი ავტომობილით სცადა პოლიციელებს დაჯახებოდა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მირზა ბ-ს მანქანის მიმართულებით გასროლა მოახდინა, რასაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოჰყვა. მირზა ბ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს იარაღის გამოყენებით.
ამ დროისათვის პოლიციელი საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება. გამოძიების დასრულებამდე მას უფლებამოსილება შეუჩერდა.